ომბუდსმენი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები.

„2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი; გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.

სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლინაზე. სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა“,-განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, წლის განმავლობაში გამოვლინდა მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლის შემთხვევებიც.

„ადგილი ჰქონდა შეკრების მონაწილეებისათვის სამართალდამცავი პირების მხრიდან კარვის განთავსებაში ხელშეშლის ფაქტებს. კვლავ პრობლემური იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

წინა სტატიაშილომჯარიას შეფასებით, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა
შემდეგი სტატიალომჯარია – სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია არაეფექტური იყო