„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ხვალიდან საშუალება ექნება, დაწყებული მშენებლობა დაასრულოს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეჩერებული მშენებლობების საკითხს შეეხო.

კალაძის თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რათა გაჩერებული პროექტები დედაქალაქში აღარ იყოს.

მერმა პროექტ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა.

კალაძის ინფორმაციით, მერიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, დეველოპერს აქვს საშუალება, სამუშაოები ხვალიდან დაიწყოს:

„გვყავს ბევრი დაზარალებული, არიან კომპანიები, რომელთანაც აქტიურად ვთანაშორლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. დღეს გამოგვაქვს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს ეხება „ოლიმპიურ ვარსკვლავს“. დაახლოებით 350 ოჯახია დაზარალებული. დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ამ პროექტის განხორციელებას სამომავლოდ. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის დეველოპერს უკვე აქვს ხვალიდან საშუალება, დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება და დაასრულოს ყველა სამუშაო, რომელიც ჰქონდა წამოწყებული“,-განაცხადა კახა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ შეჩერებული მშენებლობების მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

მერმა „სვეტის“ დაზარალებულებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე არის არის სერიოზული პრობლემა „სვეტის“ მიერ დაზარალებულები, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს, რაც მისაღები აქვს, არავინ დაკარგოს არც ერთი თეთრი.გათვალისწინებული იქნება შეჩერებული მშენებლობის ხანდაზმულობაც, უსაფრთხოების ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ამიტომ ვთხოვთ დეველოპერებს, წარმოადგინონ კონსტრუქციული დასკვნა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შესაძლებელი იქნება იქ მშენებლობის გაგრძელება და შესახლების შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნებათ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 179 გაჩერებული ობიექტია.

banner
წინა სტატიაშივანში სახლის კედლის ჩამოშლას მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაია-ს აღმასრულებელი დირექტორი ყალბი პირადობების მოწმობებზე – ჩვენ რაც გადავამოწმეთ, ეს ინფორმაცია დადასტურდა – ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა