ოლიგარქები, პროპაგანდისტები, სპორტსმენები, რუსული ელიტა… – უკრაინა 12 ათასი ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ, ინდივიდუალური სანქციების საგზაო რუკა შეიმუშავა. დოკუმენტი ასახავს სანქციების მიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, დეტალურად განსაზღვრავს ყველა კატეგორიის პირს და ვის უნდა დაუწესდეს პირადი სანქციები.

ინდივიდუალური სანქციების ამოცანაა გაზარდოს ზეწოლა რეჟიმის ელიტაზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ.

“შემოთავაზებულია სანქცირებული პირების შემდეგი კატეგორიები: ოლიგარქები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კომპანიის ძირითადი მენეჯმენტი, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ყველა ამ ადამიანის ოჯახის წევრები და მარიონეტები. ასევე შემოთავაზებულია განიხილოს ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღება.” ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტში შეყვანილია მინიმუმ 12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირი, რომელთა სანქცირებასაც უკრაინა ითხოვს. მათ შორის, პრიორიტეტი ენიჭება რუსეთის Forbes-ის სიის 100 უმდიდრეს ადამიანს.

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ოლიგარქებს, რომლებიც აქამდე ახერხებდნენ სანქციების თავიდან აცილებას. მაგალითად, ვლადიმერ პოტანინი, Norilsk Nickel-ის და სხვა მსხვილი აქტივების მფლობელი, ანდრეი ბოკარიოვი, Transmashholding და სხვა მსხვილი აქტივების თანამფლობელი, ისკანდერ მაჰმუდოვი, Transoil, Transmashholding-ის თანამფლობელი და სხვები.” ნათქვამია ინფორმაციაში.

ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით, სანქციების მექანიზმები უნდა იყოს: აქტივების გაყინვა, იმ ქვეყნებში შესვლის აკრძალვა, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ და დასავლურ კომპანიებში უფლებამოსილების შეწყვეტა. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია სანქციების კოალიციაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვა.

ამავე ჯგუფის მოთხოვნით, უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და სანქცირებულ პირებს არ უნდა მიეცეთ უფლება, კუთვნილი ქონება ოჯახის წევრებს გადაუფორმონ.

საგზაო რუკა უკვე გადაეცა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

banner
წინა სტატიაშიALDE-ს რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდის, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან“, რომ თითქოს ოპოზიცია არ მუშაობს და ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას – სამნიძე
შემდეგი სტატიაევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა