უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის წყაროების ცნობით, ყოფილ მინისტრს „არაავტორიზებული ტელეფონი” უპოვეს.
ZN.UA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვს ტელეფონი და რამდენიმე დოკუმენტი ჩამოართვეს. გამოცემა ვარაუდობს, რომ ჩხრეკა არმიისთვის საკვების ხელოვნურად გაზრდილ ფასებში შეძენის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ამავდროულად, აღნიშნულია, რომ აპრილში NABU-მ განაცხადა, რომ რეზნიკოვს ამ საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსი არ ჰქონდა.
აპრილის დასაწყისში NABU-მ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შეძენისას 733 მილიონ გრივნაზე მეტის (17,5 მილიონი აშშ დოლარი) ქურდობისა და კიდევ 788 მილიონი გრივნას მითვისების მცდელობის გამოძიება დაიწყო. საქმეში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს ტანსაცმლით უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბოგდან ხმელნიცკი, სურსათის მომწოდებელი ტატიანა გლინიანა და რამდენიმე საწარმოს ხელმძღვანელები.
NABU-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც ZN.UA-მ იმავე წლის იანვარში გამოაქვეყნა სტატია სურსათის შესყიდვებში დარღვევების შესახებ. კერძოდ, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ რომ ქათმის კვერცხს არმიისთვის 17 გრივნად ყიდულობდნენ, საცალო ფასი კი 7 გრივნა იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 2023 წლის სექტემბერში გაათავისუფლა.