უკრაინაში სანქცირებული პრორუსი ბიზნესმენის ოლეგ დერიპასკას აქტივების ნაციონალიზაცია მოხდა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 7 აპრილს განაცხადა.
„უსაფრთხოების სამსახურის მასალების მიხედვით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი უკრაინის შემოსავლებიდან სანქცირებული რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას კუთვნილი პროდუქციისა და ნედლეულის ამოღების შესახებ. […] ნაციონალიზებული აქტივების ჯამური ღირებულება 2 მილიარდ გრივნას აღემატება“, – ნათქვამია წერილში.
უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საუბარია 550 000 ტონაზე მეტ ბოქსიტსა და ალუმინზე, რომელიც ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მოხვდა მიკოლაივის ალუმინის ქარხნის საწყობებში, რომელიც ადრე დერიპასკას ეკუთვნოდა.
“ამ პროდუქციას იყენებდნენ ოლიგარქის რუსულ ქარხნებში ალუმინის დნობისთვის, რომელიც გამოიყენება ბალისტიკური რაკეტების, საბრძოლო თვითმფრინავების და სარადარო სისტემების კომპონენტების დასამზადებლად. […] ნაციონალიზებული ბოქსიტი და ალუმინი მას ეკუთვნოდა კონტროლირებადი კომპანიის მეშვეობით, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.