გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირში მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად მუშაობს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ოლაფ შოლცმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის იმედი.
„კარგი ამბავი: ჩვენ პროგრესს ვაღწევთ გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ იმას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნისთვის ისევე, როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის. მჯერა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირება 20 წელზე მეტი ხნის წინ გაიცა თესალონიკში. ახლა ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღების შეძენას.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დღეს დაიწყო. შეხვედრაზე მაღალჩინოსნები უკრაინის მხარდაჭერის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, მიგრაციას, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხებს. სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშიც ესწრება.