“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევაზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად მცირდება

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევაზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად მცირდება.

“თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, 2008 წლიდან დღემდე, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის თუ რამდენი ფაქტი გამოვლინდა და რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე ყველაზე მეტი – 88 საქმე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ, 2009 წელს აღიძრა. ამასთან, აღნიშნული მუხლით გამოძიების დაწყების ყველაზე ნაკლები – 17 შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა.

შსს-ს მონაცემები სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შესახებ, რომლებზეც გამოძიება დაწყებულ იქნა სსკ 3221 მუხლით – “ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა” შემდეგნაირად გამოიყურება: 2008 წელი – 0 შემთხვევა, 2009 წელი – 88, 2010 წელი _ 83, 2011 წელი – 55, 2012 წელი – 26, 2013 წელი – 45, 2014 წელი – 36, 2015 წელი – 17. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მხოლოდ 1 შემთხვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, რასაც ასევე მოიცავს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი, დღემდე ამ მუხლით საქმის აღძვრის მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა 2011, 2012 და 2016 წლებში.

პასუხისგებაში მიცემულ პირთა შესახებ ინფორმაციის მისაღებან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავარ პროკურატურაში გადაგვამისამართა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერში საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ”. კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს გულისხმობს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თუმცა 2013 წელს პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონში ცვლილებების პროექტი, რომელმაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია და კანონპროექტის მიღების პროცედურა, პირველი მოსმენის შემდეგ, შეჩერდა. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისის მიერ უკონტროლო საზღვრებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, რაც გულისხმობს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, სულ ცოტა 800 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გზით; ამასთან, შემსუბუქდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ამ ქმედებისთვის არსებული სასჯელი და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მოსამართლეს ექნება საშუალება პირს დააკისროს სულ ცოტა 800 ლარის ჯარიმის გადახდა. არსებული წესით, დამამძიმებელ გარემოებებში პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პატიმრობა, რომლის ვადაც 3-დან 5-წლამდეა.

banner
წინა სტატიაში,,ვართ პარლამენტში და არა “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” ან “თავისუფალი დემოკრატების” თავყრილობაზე”
შემდეგი სტატია,,გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია, თუ საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება”