ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გადმოსვენების საკითხზე გარკვეული პროცესები ცხინვალის მიმართულებითაც დაიძრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული თანამოქალაქეების გადმოსვენების საკითხზე გარკვეული პროცესები ცხინვალის მიმართულებითაც დაიძრა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, დაღუპული მებრძოლების მოძიებითა და გადმოსვენებით ძალიან დიდი საქმე კეთდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, რაც გულისხმობს ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მებრძოლების, რომლებიც აფხაზეთში დაიღუპნენ, მათ მოძიებას და გადმოსვენებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასაფლაოებზე კი არ იყვნენ დასაფლავებული, არამედ საველე პირობებში, ომის დროს, სადაც მოხერხდა. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, თანამებრძოლები, რომლებსაც ახსოვთ სად იყო ეს ადგილი, თუმცა ახლა რომ არ დაწყებულიყო ეს პროცესი, პრაქტიკულად, რამდენიმე წელიწადში, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა მათი მოძებნაც და გადმოსვენებაც, რადგან იცვლება ლანდშაფტი, მიდიან ადამიანები, რომლებიც მათი თანამებრძოლები იყვნენ და ახსოვთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი საქმე კეთდება. აქამდე ეს ძირითადად, აფხაზეთის ტერიტორიას შეეხებოდა, თუმცა ბოლო დღევანდელ გადმოსვენებასთან ერთად, გარკვეულწილად დაიძრა ყინული ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოსთვის, შესაბამისი პატივით დაიკრძალებიან მშობლიურ მიწაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა 11 ცხედარს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ერთი იდენტიფიცირებული პირი კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან პირდაპირ ჩოხატაურში, ოჯახების საგვარეულო საფლავზე იქნება გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიაევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება