10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ოკუპირებული ცხინვალი პატრიარქ შიო III-ის ქადაგებას გამოეხმაურა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის განცხადება „ძმური სიყვარულისა“ და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიუღებლად გამოაცხადა.

დე ფაქტო უწყება გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის გამოსვლას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაკეთდა.

„სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ‘გაერთიანების’ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში. ცნებების ჩანაცვლება და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ შეცვლის,“ — წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველი სასულიერო პირები, პოლიტიკოსების მსგავსად, იყენებენ ტერმინს „ცხინვალის რეგიონი“. გარდა ამისა, დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ „ისტორიული მიწების“ შესახებ თეზისი მცდარია.

„სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე, მსგავსი ‘კეთილი ზრახვები’ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია. ქართული პოლიტიკური რეჟიმების მიერ ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, საქართველოს ეკლესიის მეთაური ‘ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის’ იმედს გამოთქვამს,“ — აცხადებს ე.წ. საგარეო უწყება.

ცნობისთვის, პატრიარქმა შიო III-მ ქადაგებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა:

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა, ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძონ არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა!“ — განაცხადა შიო III-მ.

banner
წინა სტატიაშიდავით ოქიტაშვილი: ქალბატონო თიკა რუხაძე, დროა, საზოგადოებას პასუხები გასცეთ — მე აღარ ვაპირებ დუმილს!“
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე სატვირთო ამობრუნდა — ადგილზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული