ოკუპირებული ცხინვალი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ბადრაგზე თავდასხმაში ადანაშაულებს

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას დეფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ეხმიანება. სპეციალური განცხადება სეპარატისტულმა რეჟიმმა გაავრცელა.

“ბოლო დროს საქართველოში აქტიურად იძაბება სიტუაცია ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა 2018 წლის 22 თებერვალს, ლენინგორში დააკავეს. ყურადღებას იქცევს ერთი მნიშნელოვანი გარემოება – საგამოძიებო იზოლატორში, ბადრაგირების დროს ტატუნაშვილი თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა. სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდასხმელი გააუვნებელყვეს. საღი აზრი გვკარნახობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა საფუძვლიანად ფასდება როგორც არსებული ეჭვის დადასტურება“, – წერია განცხადებაში.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტეტუნაშვილის გადმოსვენების საკითხია.

ქართული მხარე ასევე მოითხოვს, რომ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მიეცეთ შესაძლებლობა , დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია. ეს მოთხოვნები ქართულმა მხარემ ორშაბათს რიგგარეშე შეხვედრაზე უკვე დააყენა, თუმცა, უშედეგოდ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა