ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი შეშფოთებულია საერთაშორისო კოალიციის ქმედებით სირიაში

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით.
ე. წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც გმობს საერთაშორისო კოალიციის ქმედებას სირიაში და აფასებს მას, როგორც პროვოკაციას.
„აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან სირიელი ხალხი და აღმოუჩინონ დახმარება პროფესიული კადრებით, მათ შორის მფრინავებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიციის ქმედებით ასევე უკმაყოფილოა მარიონეტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ასევე განცხადებას ავრცელებს.
„ვგმობთ აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებას სირიაში, რომელიც არ ჯდება საერთაშორისო ნორმებში და მსოფლიოს მასშტაბით ახალ დაძაბულობას გამოიწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. „გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია, – ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს სირიაში კონფლიქტის გაჩაღება, თუმცა არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალში გული და თავის ტვინი ამოაცალეს
შემდეგი სტატიაქართველი “კანონიერი ქურდი” ირაკლი ხუტუ უკრაინიდან გააძევეს