ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თათბირი გამართა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულების მზადების პროცესი.


ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ სეპატარისტულმა აფხაზეთმა ჯერ კიდევ 2002 წლის ნოემბერში ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორმაგი მოქალაქეობა შემოიღო. 2005 წელს, როდესაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მოქალაქეობის ახალი რეგულაციები მიიღო, რუსეთთან ორმაგი მოქალქეობა კვლავ შენარჩუნდა.
2008 წლის 17 სექტემბერს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში “მეგობრობის შესახებ”, ჩაიწერა, რომ ორივე სუბიექტი ორმაგ მოქალაქეობას ცალკე ხელშეკრულების საფუძველზე შემოიღებს.
თათბირზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ შესაბამისი დოკუმენტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის.
ხაჯიმბას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულების დოკუმენტთან მიმართებით მას შენიშვნები აქვს. მისი თქმით, ხელშეკრულების პროექტი არ არის ბოლომდე მორგებული “ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას”.
ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა დავით სანგულიამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის შეწყდა რუსეთის პასპორტის გაცემა. ” დღესდღეობით აფხაზეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ აფორმებენ რუსულ პენსიას და დაზრვევას”, – განაცხადა სანგულიამ.
ე.წ. იუსტიციის მინისტრმა მარინა ფილიამ თათბირზე აღნიშნა, რომ აფხაზები შიშობენ, რომ “ორმაგი მოქალაქეობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ყველა რუსი გამარტივებული წესით გახდება აფხაზეთის მოქალაქე”.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო ” Апсныпресс”.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა “ქართულ მარშს” 4 ნოემბერს აფხაზეთში იარაღით შესვლისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკიევში არსენ ავაკოვის შვილი დააკავეს