ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 2019 წლიდან ჩაკეტილი იყო, სააღდგომოდ გაიხსნა

ამ დროისთვის ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე. წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. არსებული ინფორმაციით, 25 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული დაბის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ე.წ.პროპუსკს ან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

თინიკაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი ჩაკეტილი იყო.

“დღეიდან გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი, რის საფუძველზეც, იმ პირებს, ვინც ფლობს დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემულ “პროპუსკებს~, ან ე.წ. პასპორტებს, 25 აპრილის ჩათვლით შესაძლებლობა მიეცემათ, რომ შევიდნენ საკუთარ სოფლებში, სახლებში აღდგომის დღესასწაულზე, გავიდნენ საფლავებზე და მოინახულონ იქ დარჩენილი ახლობლები. მოგეხსენებათ, 2019 წლის 5 სექტემბრის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმი საშუალებას არ აძლევდა ახალგორელებს, რომ დაბა დაეტოვებინათ და სხვადასხვა საჭიროებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, ან პირიქით, აქეთ დარჩენილები შესულიყვნენ საკუთარ სახლებში. ეს ჰუმანიტარული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაზე და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველმა მხოლოდ ახლა მიიღო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
შემდეგი სტატიანარმანია – რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება