ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელსაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.

ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე : ცაცია არის ნიკა ჟვანია, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლული
შემდეგი სტატიასაცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას