ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული აბიტურიენტების სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით ასევე სახელმწიფო დააფინანსებს.

„მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს.

აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – იმ ფონზე, როცა ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა
შემდეგი სტატიასაქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო