ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩემს მიერ გამოცხადებულ დისკუსიას „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია

ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში 2015 წელს ჩემს მიერ გამოცხადებულ დისკუსიას „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, საგარეო-პოლიტიკურ და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მას დიალოგის შესაძლებლობა ყველა პარტიასა და დაინტერსებულ ჯგუფთან ჰქონდა, გარდა „ქართული ოცნებისა“.

„ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ყველა პარტია, ყველა ინტერესჯგუფი მოვიდა და ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია. საერთოდ იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომლებიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია, ჩემი აზრით, არასწორია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მან რუსეთთან არსებული ვითარების ფონზე, უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება და ის პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ განხორციელდა.

„ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე. აუქმებს უშიშროების საბჭოს. ყველა პოლიტიკურ კონტექსტს, რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველანი ერთიანი ვართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პარტიას შიგნით აქვს პრობლემები და ქვეყნის პრობლემებზე რანაირად უნდა იზრუნოს“ – აბაშიშვილი პრეზიდენტის მოხსნებას აფასებს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი : უცნაური შეფასებები მოვისმინეთ მარგველაშვილისგან, თითქოს, მთავრობა როცა დატოვა, მთელმა დადებითმა პრეზიდენტის ინსტიტუტში გადაინაცვლა