ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები

„ეს არის ის საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტი, რასაც საქართველო იყენებს, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური ძალის განმახორციელებელმა აგოს პასუხი ყველა იმ დარღვევაზე რასაც ადგილი აქვს და ასევე შესაძლებელი იქნას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დარეგულირების პროცესში. აღსანიშნავია ასევე რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის კომენტირებისას.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა ორგანომ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღწერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი, რათა ადგილზე შეფასდეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი – გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს უარს ეუბნებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე