ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, სადაც იგი რუსეთის ხელისუფლებასა და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდა.
დე ფაქტო უწყებამ დარსალიას ვიდეომიმართვაც გავრცელა, სადაც ის საკუთარი განცხადებების გამო ბოდიშს იხდის.
შემთხვევა 2025 წლის სექტემბერში Chatroulette-ის პლატფორმაზე მოხდა. დარსალიას უკრაინელი ბლოგერი ანდრიი პოპიკი ესაუბრა, რომელმაც საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოს ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ვიდეოში დარსალია აღნიშნავს, რომ მეგრელია და მისი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ. ბლოგერის რეპლიკაზე, რომ ომის დროს „ქართველი ხალხის გენოციდი იყო“, დარსალიამ უპასუხა: „იყო ასეთი რამ, იყო“.
საუბრისას დარსალიამ უცენზურო ლექსიკით გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და კრემლის პოლიტიკა:
„მე ომის წინააღმდეგი ვარ, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგი ვარ… ამ რუსებმა გაა***ნ, აქ ყველაფერს სამ წამში იყიდიან. ყველა ადეკვატური რუსი რუსეთიდან წავიდა. ვინც დარჩა, ზოგს უბრალოდ წასვლის შესაძლებლობა არ აქვს“, — აცხადებდა დარსალია ბლოგერთან საუბარში.
აღნიშნულ ჩანაწერს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, რასაც დარსალიას დაკავება და იძულებითი ბოდიშის ვიდეოს გავრცელება მოჰყვა.








