2025 წლის 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ასლან ბჟანია სოხუმში საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: ასლან ბჟანია, ოლეგ ბარციცი (აფხაზეთის ყოფილი ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში) და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა. ე.წ. არჩევნებამდე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების შედეგად დაიწყო, ასლან ბჟანია გადადგა, თუმცა იგი ხელახლა იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და აქტიურად ერთვება საარჩევნო მარათონში. „აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემი გუნდი მი იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ჩემს კანდიდატურას წარვადგენ“ – განაცხადა მან. ბჟანიამ გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მომავალი დიდ წილად დამოკიდებულია „რუსეთთან სამართლიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსა სარგებლო ურთიერთობებზე.“
ადგურ არძინბა შეიძლება მივიჩნიოთ ასლან ბჟანიას მთავარ კონკურენტად. ის ხაჯიმბას კლანს წარმოადგენს. ადგურ არძინბა აფხაზეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა „საპრეზიდენტო“ კანდიდატია, რომელმაც 2020 წლის არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 35.42% მიიღო. 2015-2019 წლებში იგი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო, 2019-2020 წლებში კი – ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.
ოლეგ ბარციცზე, რომელიც რუსეთში 1985 წლიდან „მოღვაწეობს,“ ღია წყაროებში მწირი ინფორმაცია იძებნება. ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა; 2005 წელს დაინიშნა რუსეთში საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელად. რამდენიმე წლის შემდეგ, 2010 წელს, რუსეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლად დაინიშნა. „დიახ, ეს არ არის საიდუმლო. მე და ჩემმა მეგობარმა, თანამებრძოლმა, ადამიანმა, რომელსაც პატივს ვცემ და ვიზიარებ შეხედულებებს, ადგურ კაკობამ, გადავწყვიტეთ კანონით დადგენილ ვადაში დავრეგისტრირდეთ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად“- განაცხადა მან.
ამ არჩევნებში ბარციცი „მესამე ძალად“ პოზიციონირებს. მოსახლეობის ნაწილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურ ველზე არ ჩანდა, მოგვიანებით კი, აფხაზი საზოგადოების წინაშე გამოცხადდა, როგორც მესამე ალტერნატივა. ბარციცი ღიად აკრიტიკებდა აპარტამენტებისა და ინვესტიციების კანონპროექტს, აღნიშნავდა რა, რომ რუსული ინვესტიციები აუცილებელია აფხაზეთის განვითარებისთვის, თუმცა ეს საერთო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მისი განცხადებები სიხისტით არ გამოირჩეოდა. ხშირად ახსენებდა, რომ რუსეთი წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტსა და სანდო პარტნიორს, რომელიც ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოსთან მიმართებით ოლეგ ბარციცს არ გააჩნია ხისტი დამოკიდებულება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოირჩევა უფრო პრაგმატული და „ეროვნული“ პოლიტიკით. იგი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს ძალის არგამოყენების ვალდებულების შესრულებას და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას.
ინფორმაციას ავრცელებს დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC).