ოკუპანტებო, წადით სახლში! – ნათელაშვილის აქცია რუსეთის საელჩოსთან

“არ მივცემთ პუტინს უფლებას, დატოვოს ოლიგარქიული მმართველობა”, “ოკუპანტებო, წადით სახლში”, “შეწყვიტეთ ბორდერიზაცია” და “დავიწყოთ ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს ხელისუფლებით” – ამ სლოგანებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ანტისაოკუპაციო აქცია გამართა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამ წუთში ხურვალეთს რუსი ოკუპანტები ღობავენ და პარალელურად, მთელი რუსული სახელმწიფო მობილიზებულია, რათა ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში, თავიანთი ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად.

“მობილიზებულია სპეცსამსახურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ საბოლოოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის უფლებასაც მათ არ მივცემთ. ამას ვუცხადებთ აქ, მათივე საელჩოს ნარჩენებთან”, – აცხადებს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ ამერიკის კონგრესში და სენატორებთან, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მოთხოვნა გააგზავნა, რათა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაედოს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონული ატესტატების გაცემა დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმის შესასვლელებში საკონტროლო პუნტები მოეწყო