22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ოკუპაციის განგრძობადი შედეგები და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში- საიას შეფასება

საქართველლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

“2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან 26 888 პირი (9081 ოჯახი) იძულებული გახდა, მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. ომის შემდეგ დევნილები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განასახლეს. ამ ადამიანებს, ისევე როგორც რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ სხვა პირებს, მიმდინარე ოკუპაციის გამო, დღემდე არ აქვთ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

ომიდან 18 წლის შემდეგაც რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები ყოველდღიურ რეალობად რჩება, რაც განსაკუთრებით აისახება საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე — მათ შორის ეთნიკური ქართველების შევიწროებაზე, დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევაზე.

საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს უკანონო „ბორდერიზაციას“, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და ადამიანთა გატაცებას. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი, რის გამოც მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ხშირად აკავებენ. ხშირია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებული ადამიანების გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევებიც. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით — 32 პირი (25 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით — 40 პირი დააკავეს (35 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი). ამავე ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში 15 მოქალაქე იმყოფებოდა (11 — ოკუპირებულ ცხინვალში და 4 — ოკუპირებულ აფხაზეთში).

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალგაზრდების სოფლებიდან გადინება, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული მისაწვდომობა, სარწყავი წყლის პრობლემა, სამუშაო ადგილების სიმცირე და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა.

აფხაზეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) რუსული საოკუპაციო რეჟიმი კვლავ უხეშად უგულებელყოფს ადამიანის სიცოცხლის უფლებას. დღემდე არავინ დასჯილა 2014-2023 წლებში მომხდარი დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და თამაზ გინტურის მკვლელობების გამო, ხოლო თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს უკვე წლებია არ აქვთ ხელმისაწვდომობა სათანადო ჯანდაცვის სერვისებზე. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამა. თუმცა, ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების უფლების შეზღუდვით მნიშვნელოვნად აფერხებს და, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით უარს ამბობს ადამიანთა სამედიცინო ევაკუაციაზეც კი, რაც ზოგ შემთხვევაში გარდაცვალებით სრულდება.

გარდა ჯანდაცვისა, ე.წ. გამშვები პუნქტები ეთნიკურად ქართველებისთვის განათლებასთან, პროდუქტის შესაძენად, პენსიის ასაღებად, ნათესავებსა და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია. ე.წ. გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. მაგალითად, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი თვეში მხოლოდ 10 დღით — ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იხსნება. გალში მცხოვრებ ადამიანებს კი ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილებისთვის საოკუპაციო რეჟიმი აიძულებს აიღონ დე ფაქტო დოკუმენტები, რომლებიც მათ საკუთარ მიწაზე უცხოელის სტატუსს ანიჭებს.

კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა განათლების უფლების რეალიზება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასებში, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. წლებია გალში იკვეთება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები”,_ აცხადებს საია.

banner
წინა სტატიაში“ნუ განგვიკითხავთ შვილმოკლულ მშობლებს, მოვთხოვოთ სისტემას”- იზა ომაძე
შემდეგი სტატიაკლინიკის საპირფარეშოში ახალშობილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ დედას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა