„ოკუპაციის გაღრმავების ფონზე მთავრობის უმოქმედობა მავნებლობაა“- ევროპული საქართველოს განცხადება

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო” გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ფორმალური ინტეგრირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და განცხადებას ავრცელებს:
„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო და საპარლამენტო უმცირესობა გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ფორმალური ინტეგრირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა.

ამასთან ერთად, გამოვხატავთ შეშფოთებას ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯების და ზოგადად უმაღლეს დონეზე მთავრობის პასიურობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ განუხორციელებია ვიზიტი არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, არ დაურეკავს არც ერთ მსოფლიო ლიდერთან. ამგვარი პასიურობა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საპირისპიროა და ხელს აძლევს მხოლოდ ოკუპანტს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს დამღუპველ საგარეო პოლიტიკას და დაჟინებით ცდილობს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს, არ შეუქმნას დისკომფორტი. ამის შედეგია სწორედ ის რომ როცა მსოფლიო ლიდერები საუბრობენ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე, ისინი თითქმის აღარ ახსენებენ საქართველოს”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს”
შემდეგი სტატიასამი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს მიმართავენ