ყველაზე მკაფიოდ დღეს გია ვოლსკიმ განმარტა, რა მიზანს ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქმენეთში. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი აშხაბადში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დიალოგისთვის გაემგზავრა, თუმცა ვიზიტის კონტექსტმა და ფორუმის მონაწილეებმა ამ განმარტებას დამატებითი კითხვები გაუჩინა.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში იმ ფორუმს ესწრებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. „ქართული ოცნება“ დღეს სხვადასხვა არგუმენტით ცდილობდა გაემართლებინა პრემიერის მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ოფიციალურად მშვიდობასა და ნდობას ეძღვნებოდა, თუმცა კრიტიკოსების შეფასებით, ოკუპანტ სახელმწიფოს ლიდერთან ერთ სივრცეში მშვიდობაზე საუბარი წინააღმდეგობრივად აღიქმება.
“ოცნების” პრემიერმა თურქმენეთში გამგზავრებამდე იცოდა, რომ ფორუმს რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრებოდა. მიუხედავად ამისა, ვიზიტი შედგა. სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ისაუბრა ეკონომიკურ საკითხებზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე. ოკუპაცია ირიბად ახსენა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით არ დაუკონკრეტებია, ვინ არის საქართველოს ოკუპანტი.
ივანიშვილის გუნდის განცხადებით, აშხაბადში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე საუბარი იყო. თუმცა აღნიშნული არგუმენტი კითხვებს აჩენს, რადგან ფორუმს არც აზერბაიჯანის პრეზიდენტი და არც სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ ესწრებოდნენ.
ამ გარემოებების ფონზე ოპოზიცია და კრიტიკოსები აცხადებენ, რომ აშხაბადში ვიზიტს ჰქონდა არა მხოლოდ ფორმალური, არამედ პოლიტიკური დატვირთვა და კობახიძის მონაწილეობა ერთ ფორუმზე ვლადიმერ პუტინთან კონკრეტულ პოლიტიკურ სიგნალად უნდა იქნას აღქმული. რა იყო რეალური მიზანი და რა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა „ქართული ოცნების“ პრემიერმა – ეს კითხვა “ქართული ოცნების” განმარტებების შემდეგაც ღიად რჩება.


















