გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, “ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა “ოლიგარქი ივანიშვილი” ახსენა. ოხანაშვილმა მისგან ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ მოხსენიება მოითხოვა:
საპატიო თავმჯდომარედ თუ მოიხსენიებთ…საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი…თქვენ სად გგონიათ თავი?
“საპატიო თავმჯდომარედ შეგიძლიათ მოიხსენიოთ… საპატიო თავმჯდომარე არის სტატუსი…
მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე… მეგაფონი მიიტანეთ სადაც მიჩვეული ხართ მეგაფონით სიარულს. მე თქვენ მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში…აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ ” მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.
“მოვისმინე თქვენი გამოსვლა ძალიან ყურადღებით და ვერ მოვისმინე სიტყვა უკრაინის გამარჯვებაზე, მე მაინტერესებს ამ ქვეყნის ახლადდანიშნულ მინისტრს, მიაჩნია თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს სახელმწიფოს აქვს მომავალი და ამასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია”, – ჰკითხა სამადაშვილმა ჩიქოვანს.
გარდა ამისა, დეპუტატმა ახსენა, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი უწყება კორუფციაში არაერთხელაა მხილებული. კორუფციაზე მითითების შემდეგ, ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა:
“ზრდილობასთან რომ პრობლემები გაქვთ ვიცით, ქალბატონო სალომე… დაუკრეფავში ნუ გადახვალთ… ტაშს რომ უკრავდით მერაბიშვილს, ჯერ იმაზე აგეთ პასუხი… მერაბიშვილის კორუფციულ სქემებზე შეგიძლიათ, ისაუბროთ? სიტყვა ჩამორთმეული გაქვთ… წესრიგს არღვევთ და არ იცავთ რეგლამენტს…”
ამის შემდეგ კი დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა:
“გთხოვთ, დატოვოთ სხდომათა დარბაზი, მოქცევას როდესაც ისწავლით სხდომათა დარბაზში, მაშინ შეგიძლიათ დაბრუნდეთ… ზრდილობას როცა ისწავლით, მაშინ შეგიძლიათ შემოხვიდეთ”.