ოხანაშვილი: იმედი მაქვს, პოლიტიკურ ჯგუფებს ეყოფათ გამბედაობა და გონიერება, ხელი არ შეუშალონ შეთანხმების აღსრულებას

“თუკი ვინმე კიდევ კითხვის ნიშანს დასვამს, ეს ნიშნავს კითხვის ნიშნის დასმას ევროკავშირის მეშვეობით შემუშავებულ დოკუმენტთან მიმართებაში და სხვა არაფერი, თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებისათვის ხელის შეშლა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ეყოთ „იმის გამბედაობა და გონიერება, რომ ხელი არ შეუშალონ ამ შეთანხმების აღსრულებას“.

„ქართული ოცნება“ რჩება ერთგული ევროპული შეთანხმების და ამ შეთანხმებაში მოცემული ყველა საკითხის, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ის პროექტი, რომელიც დაინიცირებულია და ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების და შეხვედრების შედეგად ოპოზიციურ პარტიებთან არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ ჩართუობას, გამჭვირვალობას და ყოველგვარი სპეკულაციებისთვის წერტილის დასმას. შარლ მიშელის წარმოდგენილ დოკუმენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები არათუ ზედმიწევნით გავითვალისწინეთ, არამედ კიდევ უფრო წინ წავედით და გავაუმჯობესეთ.

წარმოუდგენელია ეს არ დაადასტურონ ობიექტურმა დამკვირვებლებმა, თუნდაც ოპოზიციურმა პარტიებმა. ამიტომ, თუკი ვინმე კიდევ კითხვის ნიშანს დასვამს, ეს ნიშნავს კითხვის ნიშნის დასმას ევროკავშირის მეშვეობით შემუშავებულ დოკუმენტთან მიმართებაში და სხვა არაფერი, თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებისათვის ხელის შეშლა. იმედი მაქვს, პოლიტიკურ ჯგუფებს ეყოფათ იმის გამბედაობა და გონიერება, რომ ხელი არ შეუშალონ ამ შეთანხმების აღსრულებას. არ მინდა დავუშვა, რომ შესაძლებელია ასეთ მოცემულობამდეც მივიდეთ, თუმცა რისკებს ვხედავ. დაველოდოთ, როგორ შეფასებებს გააკეთებენ ოპოზიციონერები ამ პროექტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო ცვლილებები ვენეციის კომისიაში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება და აღნიშნული კანონპროექტს მეორე მოსმენით კომისიის მიერ დასკვნის გადმოგზავნამდე არ განიხილავენ.

“ვენეციის კომისიაში საარჩევნო ცვლილებები გაიგზავნება უახლოეს დღეებში. ჩვენ პარალელურად დავიწყებთ პირველი მოსმენით განხილვის პროცედურას საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე, დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და მანამდე არ მოხდება მეორე მოსმენით საკითხის განხილვა. თუ იქნება საინტერესო შემოთავაზება, ამაზე ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყებთ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ კოსტავას შრიფტს „ჯეპრა” და კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნიან
შემდეგი სტატიადიმა ბილანი გაშიშვლდა (ფოტო)