ოხანაშვილი: არ დასმულა ჩვენგან საკითხი, რომ 40%-ზე ნაკლებით შეიძლებოდეს მთავრობის ფორმირება

“არასდროს დასმულა ჩვენი მხრიდან საკითხი, რომ გუნდი, რომელიც 40%-ზე ნაკლებს მიიღებს შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია, ხელისუფლების დაკომპლექტებაზე, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილი ე.წ 40% პრინციპზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი ძალა ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმგვარი, რომ პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა, თუ მას არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება.

“ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ 40%-იანი მხარდაჭერა სჭირდება, ყველა ვარიანტში, გუნდს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არანაირად აღარ აქვს შფოთვის საფუძველი, არც აქამდე უნდა ჰქონოდათ. 41%-ის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება გამარჯვებულ პარტიას დააკომპლექტოს მთავრობა,” – ამბობს ოხანაშვილი.

1 მარტს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი საარჩევნო სისტემა და ოპოზიციისთვის შესათავაზებელი მოდელი იყო. მმართველი გუნდის ლიდერები ახალი შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც კობახიძისვე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით კი, ამ დროისთვის “ოპოზიციის მეორე ნაწილსა” და ხელისუფლებას შორის შეთანხმება “ობიექტურად შესაძლებელია”, ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას “ხელს შეუშლის” საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ჰოსპიტალი 180 პაციენტს მიიღებს და უმკურნალებს
შემდეგი სტატიაეტაპზე ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო სისტემა 130/20-ზე იქნება