ოჯახში ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობის, ნივთის დაზიანების და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ბ.ა. დამნაშავედ ცნო.

როგორც “თაიმერს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ა.-მ 2017 წლის მაისში ურთიერთშელაპარაკების დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ.გ.-ს მობილური ტელეფონი განზრახ, იატაკზე დაგდებით დააზიანა, შემდეგ კი ნ.გ.-ს დედას – ი.გ.-ს , ხელი გაარტყა სახეში და ყელში ხელის წაჭერით მის დახრჩობას შეეცადა.

„სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 30 აპრილს, ბ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ყელის არეში ხელები მოუჭირა, ხოლო მათ გასაშველებლად მისული ი.გ. კედელს მიანარცხა. აღნიშნულის გამო, კონფლიქტში ი.გ.-ს მეუღლე რ.დ. ჩაერია, რა დროსაც ბ.ა.-მ მას საკანცელარიო დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც რ.დ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ა. 2018 წლის 30 აპრილს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’-187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ), 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„კლიპებს არ ამოვიღებთ,მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას” – ნიკა გვარამია მარეგულირებელ კომისიას
შემდეგი სტატიასამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” ენგურის ხიდამდე მსვლელობას გამართავს