,,ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შს სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტური რეაგირების კომისიის წევრებსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც ”თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქი უძღვებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს შსს-სა და ევროკავშირის და ახალი პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ წარუდგინეს.

”პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან”, – აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამა და მეთოდოლოგიაც გააცნეს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტური რეაგირების კომისიასა და სხვადასხვა უწყებას შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

მისივე თქმით, ამ მიზნით, შს სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს
შემდეგი სტატიაინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხს ელოდება