ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატსაც გამოკითხავენ

სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილიც უნდა გამოიკითხოს. როგორც გორელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში დღეს უნდა გამოეკითხათ, თუმცა პროცედურა გადაიდო. ადვოკატის თქმით, შსს-მ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაიწყო გამოძიება.

ადვოკატის თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მაგალითად, ადვოკატი ამბობს, რომ საგურამოდან ანა წამოიყვანა მძღოლმა, დავით ვასაძემ.

ამასთან, ადვოკატი უარყოფს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარის ბრალდებას, სამხარაულის ექსპერტიზის გაყალბების თაობაზე.

„რა გაყალბებაზეა საუბარი, რა ინტერესი აქვს ბიუროს ჩვენ პრივატულ დავაში. დასკვნაში წერია, რომ სხეულზე აქვს მრავალი სისხლჩაქცევა, რაც ბლაგვი საგნით არის მიყენებული. რამდენადაც ვიცი, ანა თითქმის გათიშული იყო და დეტალებში არ ახსოვს, რა ზუსტად მოხდა. თავისუფლების აღკვეთაზეც რომ ვთქვათ, ძალადობის მერე დავითი ურეკავს თავის მეგობარს და აფთიაქიდან მედიკამეტნების წამოღებას სთხოვს, შემდეგ ელოდება, რომ წამალმა იმოქმედოს, სახეზე ნაიარევი ჩაცხრეს. დავითმა ანას ტელეფონი დაუმტვრია და საკუთარი ტელეფონით დაარეკინა მძღოლთან, სთხოვა, მისთვის ორი დღის მერე გაევლო. არ აძლევდა საშუალებას, სახლი დაეტოვებინა. ანას დაარეკინა დედამისთანაც, რომ ორი დღე საგურამოში იქნებოდა. მათი ქორწინების ოფიციალური გაწყვეტა 2016 წელს მოხდა, ამ დაპირისპირების მერეც არ შემწყდარა, 2015 წელს მათ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც დაადასტურეს, რომ იმ პერიოდში შეწყვიტეს თანაცხოვრება, მაგრამ ქორწინება 2016-ში“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობა, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში განხორციელდა, მათი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა. მისივე თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ორი დღის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, რაც არის თავისუფლების აღკვეთა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მამა – შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს