ოჯახი თავს ვალდებულად თვლის, სახელმწიფოს ულტიმატუმით მიმართოს, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს, რომ სააკაშვილი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის – ვოლსკი

ოჯახი თავს ვალდებულად თვლის, სახელმწიფოს ულტიმატუმით მიმართოს, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს, რომ სააკაშვილი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

„ნებისმიერ პატიმარს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. გამორიცხულია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეს რესურსი არ გააჩნდეს, მაგრამ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი რაიმე განსხვავებულს არ ამბობს, აღნიშნავენ, რომ ფსიქიატრიული დახმარება და ცილოვანი დანამატები სჭირდება. ამას არ იღებს და თუ თავად არ იღებს შესაბამის მომსახურებას, შეიძლება, მდგომარეობა გაუარესდეს, მაგრამ 24 საათიანი მეთვალყურეობაა. პენიტენციურ სისტემას რომ თავი დავანებოთ, ქართული სამედიცინო სისტემა არ დაუშვებს, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულამდე მივიდეს. ამას გარდა, მას არაფერი დეპრესიული არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს, მოწოდებებს აკეთებს, ჰიმნს მღერის და საკმაოდ აქტიურად, ენერგიულად გამოიყურება.

ოჯახის პოზიციას ადამიანურ შეფასებას მივცემ, ოჯახია და თავს ვალდებულად თვლის, სახელმწიფოს ულტიმატუმით მიმართოს. პიროვნული განცდებიც არის, ემოციებიც, მაგრამ ყველა უნდა ითვალისწინებდეს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ადამიანი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუ თავის თავს ხელოვნურად უბედურება არ აუტეხა. ამ შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია, რომ რაიმე კრიტიკული განვითარება არ დაუშვას. ეს არის რეალობა და ამის იქით, თუ ოჯახს ემოციური დამოკიდებულება აქვს, ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, გია ვოლსკი ამბობს, რომ შეწყალების საფუძველი არ არსებობს.

„მისი შეწყალების საფუძველი არ არსებობს და დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც შეიძლება, ხვალინდელი დღე გაცილებით მძიმე გახადოს, უკვე არსებობს. სააკაშვილია ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება, შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები განავითაროს ერთი მხრივ, იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც სააკაშვილს რევოლუციის ლიდერად მიიჩნევს და მეორე მხრივ, ადამიანების მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ რეალურად ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია სასჯელი, რასაც ნამდვილად ვეთანხმები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაზე, რომ მისი შეუზღუდავი ძალაუფლების პერიოდში საქართველოში სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები – კაკაბაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება… სასიკვდილო საფრთხის წინაშეა ყოველწამიერად – გვარამია