OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალკეულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალკეულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალკეულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. განხილული იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.

„ჩვენ, ამ ჯგუფის ფარგლებში, რამდენიმე საკითხზე გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ მოვამზადებდით ცვლილებებს, რომელიც ეხება: მოქალაქეთა კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმების დანერგვას, პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენას და მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვებს. ამ ჯგუფმა უკვე მოამზადა პროექტის პირველი ვერსია, რომელიც შეგვიძლია დღეს განვიხილოთ. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხები, რომელიც უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო კუთხით“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინა ფრუიძემ.

„ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება და ძალიან მიხარია, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა მოახერხა და ძალიან მოკლე ვადებში შექმნა ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა პარლამენტში უფრო ფართო წრეებში. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე გარკვეულ ცვლილებებს უკვე შევიტანთ პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც დაგვეხმარება, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდეს ეს ვალდებულებები. ვალდებულებების ის ნაწილი კი, რომელიც უფრო მეტ მუშაობას საჭიროებს, გადავა მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში“,-განაცხადა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა სამ საკითხს:

· მოქალაქეთა კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმების დანერგვას;
· პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენას;
· მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვებას.

კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავებისა და მიღების ვალდებულების შესრულების მიზნით ცვლილება მომზადდა პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლთან დაკავშირებით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით გააკეთონ კომენტარები ვებგვერდის საშუალებით, თუმცა, აღნიშნულ კომენტარებზე რეაგირების ფორმა განსაზღვრული არ არის.

შესაბამისად, მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საჭირო გახდა საკანონმდებლო დონეზე ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლის თანახმად, შესაბამისი კომიტეტი ვალდებული იქნება, შეისწავლოს მოქალაქეთა კომენტარები და გაითვალისწინოს ისინი კანონპროექტის განხილვის დროს.

პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით ცვლილებები მომზადდა პარლამენტის რეგლამენტის 240-ე და 241-ე მუხლებთან დაკავშირებით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეიტანონ წერილობითი ფორმით შედგენილი პეტიცია, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ ან საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხს. თუმცა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რისი პრაქტიკაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს.

საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს პარლამენტმა ონლაინ პეტიციების წარდგენის პლატფორმის შემუშავებისა და დანერგვის ვალდებულება იკისრა. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და მასზე, დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობას.

კიდევ ერთი ვალდებულების – პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვის მიზნით, ცვლილება მომზადდა პარლამენტის რეგლამენტის 147-ე და 177-ე მუხლებთან დაკავშირებით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტში წარადგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რისთვისაც, რეგლამენტით დადგენილი წესით და სპეციალური ფურცლის საშუალებით უნდა შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების არანაკლებ 30 000 ხელმოწერა. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რისი პრაქტიკაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს.

საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს პარლამენტმა იკისრა ვალდებულება შექმნას მექანიზმი, რომელიც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ კანონპროექტის ინიცირებისათვის საჭირო 30 000 ხელმოწერა შეაგროვონ ასევე ელექტრონული ფორმით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნება. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით განხილული იყო საერთაშორისო პრაქტიკა.

შეხვეხდრის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალკეულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიასტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამივე კანდიდატი კომიტეტმა მოიწონა