“ოდიშის” ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ პასუხისგებაშია მიცემული – პოლიტიკოსები და უფლებადამცველები პოლიტიკური დევნის ნიშნებზე საუბრობენ

ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტის, ლევან თორიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ.

ჟურნალისტს გამოძიება ძალადობის მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სანდრა რულოვსს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს.

„როდესაც ჟურნალისტი იგერიებდა თავდამსხმელებს და ეს ჟურნალისტი შემდეგ პასუხისგებაში უნდა მისცე და ატარო გამოკითხვებზე რამდენიმე საათი პოლიციაში, რასაკვირველია, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რაც მოწმობს იმას, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ზუგდიდში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ძალადობის გარდა, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენელი იდგა, იღებდა ინტერვიუს, წერდა სიუჟეტს კონკრეტულ პირთა და ამ შემთხვევაში მასთან მივიდნენ და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხელი შეეშალა მას თავისი საქმიანობის განხორცილებაში, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიის წარმომადგენელს, რომელიც გამოდის ქუჩაში, წერს ინტერვიუს, იღებს ინტერვიუს და ახორციელებს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, ის იყოს აბსოლუტურად დაცული და ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად განახორციელოს მისი საქმიანობა,“ – განაცხადა საია-ს მარიამ გოგოსაშვილმა.

ინციდენტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტი დადიანების სასახლეში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოსვთან საავტორო გადაცემას წერდა, როდესაც მას თავს ხუთკაციანი დაჯგუფება დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ამ საქმეზე დაკითხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თორიას თავს დაესხნენ და დაზარალებულია, მას გუშინ ბრალი წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშიეს არის, ცხადია, უსამართლობა და უკანონობა-ოდიშის“ ჟურნალისტი, ლევან თორია მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება