ოდიშარია – რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ „ქართული ოცნების“ წარმატებულ მოღვაწეობას

რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ “ქართული ოცნების” წარმატებულ მოღვაწეობას – ვისურვებდი, რომ ამ ატმოსფეროს, რაც ახლა სუფევს ფეხბურთთან მიმართებაში, გადმოენაცვლებინოს პოლიტიკაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. მივულოცო ერს და ბერს ჩვენი ეს საოცარი წარმატება. რატომ არ იყო გუშინ ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგი იყო და ამოეფარა ცარიელ სკამებს. რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ „ქართული ოცნების” წარმატებულ მოღვაწეობას ამ პერიოდში. სამწუხაროა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ატმოსფერო რაც ახლა სუფევს საერთო, ეროვნული, სპორტთან და ფეხბურთთან მიმართებაში, გადმოენაცვლებინოს პოლიტიკაში. მეტსაც გეტყვით, ძალიან მალე იქნება არჩევნები როგორც საპარლამენტო ისე საპრეზიდენტო და ჩვენ გვჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი. ისეთი, რომელიც წლების განმავლობაში უჩუმრად აკეთებს თავის საქმეს, არ გაჰყვირის, არ პოპულისტობს, პირად ამბიციებს არ ანაცვალებს საერთო ეროვნულ ინტერესებს. მე მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავასახელებდი ლევან კობიაშვილს. თუ ლევან კობიაშვილს დაუწუნებთ პოლიტიკურ ბეგრაუნდს, მაშინ შეიძლება ვილი სანიოლს მივანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა და ის ავირჩიოთ. ასეთი ზეპარტიული კაცი მე მგონი, იშვიათია დღეს საქართველოში. ეს ხუმრობით ვთქვი, მაინცდამაინც ნუ გააშუქებთ, რომ წარვადგინე,” – განაცხადა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება – საფრანგეთის საელჩო
შემდეგი სტატიამდინარაძე – საქართველომ და მისმა ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ევროპაში ვართ