ODIHR – საპრეზიდენტო ვეტო უფრო სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს

საპრეზიდენტო ვეტო უფრო სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (ODIHR) მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საქართველოში არსებული საკანონმდებლო პროცესია შეფასებული.
ანგარიშის ავტორების აზრით, უკეთესი იქნება, მოხდეს პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი საპრეზიდენტო ვეტოს პირობების მოდიფიკაცია, რითაც მათი შესაძლებელი გახდება ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის წინადადებებზე მუხლების მიხედვით მსჯელობა.
“საპრეზიდენტო ვეტო უფრო სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე. ამჟამად შესაძლებელია ვეტოს უკუგდება ან მიღება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონპროექტი მიიღება პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების გათვალისწინებით. რეალური მსჯელობისთვის უკეთესი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ მოხდეს პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაწერილი საპრეზიდენტო ვეტოს პირობების მოდიფიკაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ცვლილებების შესახებ მის წინადადებებზე მსჯელობა მუხლების მიხედვით. ამჟამად, ვეტოს დადებისა და პრეზიდენტის ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენის ტენდენცია შეესაბამება პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანის პროცესს ზოგადად, რომელიც იძლევა მხოლოდ ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებების წამოყენების საშუალებას და არა კანონპროექტის კონკრეტულ მუხლებში ცვლილებების შეტანისა, რაც ცალკე უნდა იქნას განხილული”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო ხაზს უსვამს, რომ პარლამენტმა უნდა დაასაბუთოს, თუკი კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის შენიშვნებს არ ითვალისწინებს.
“2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე, მაშინდელმა პრეზიდენტმა 20-ჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება და დაუბრუნა კანონები პარლამენტს შენიშვნებით. ამ პერიოდში პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის არც ერთი შენიშვნა. რეალური მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა უარი თქვა, განეხილა პრეზიდენტის შენიშვნები ამ შემთხვევებში არ იყო მკაფოდ გამოთქმული და თითოეულ ამ შემთხვევაში გაურკვეველია, იქნა თუ არა პრეზიდენტის მიერ წამოყენებული წინადადებები შენიშვნებთან ან კანონპროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ყურადღებით აწონდაწონილი და მხოლოდ ამის შემდგომ უარყოფილი აზრთა სხვადასხვაობის საფუძველზე. პარლამენტის რეგლამენტის 168-ე მუხლი არ მოითხოვს, რომ პარლამენტმა დაასაბუთოს კანონპროექტის მიღება ან დამტკიცება, როდესაც მას კენჭი ეყრება. უფრო მეტიც, არც კომიტეტის სხდომებზე არ მოითხოვება პრეზიდენტის მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო აზრის განხილვა, თუმცა ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ხდებოდეს მსჯელობა და პრეზიდენტის “შენიშვნებში” ცვლილებების შეტანა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული საკანონმდებლო პროცესია შეფასებული, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენელმა კრის მოლიმ და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა თიმეა დრინოჩიმ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოამზადეს.

banner
წინა სტატიაშიგანუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება
შემდეგი სტატიაზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან