ოდესაში, საქართველოს საკონსულოში, ღონისძიება “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!” გაიმართა

9 აპრილს ქ. ოდესაში, საქართველოს საკონსულოში, ღონისძიება “ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!” გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიას” და ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ოდესაში საქართველოს საკონსულოს, ქართული დიასპორის, ცენტრ “ივერიასა” და ქართული საკვირაო სკოლის “ანა-ბანას” წარმომადგენლებმა, უკრაინელ მეგობრებთან ერთად გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს და ამ ორი მეგობარი ქვეყნების ხალხების ბრძოლას სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა, მისმა აღმატებულებამ არქიმანდრიტმა ანდრეიმ, ასევე შედგა ვიდეო ჩართვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ ქართული დიასპორის უკრაინელი მეგობრები – ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის კულტურის, ეროვნული, რელიგიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ქალბატონი იაროსლავა რეზნიკოვა; ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნებათაშორისი და კონფესიათაშორისი ურთიერთობების კულტურის კომიტეტის თავჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია “ოდესის ინტელექტუალური ფორუმის” ხელმძღვანელი ქალბატონი ლარისა კოზლოვსკაია და «Народниі Рух України»-ს ოდესის განყოფილების უფროსი სერგეი გუცალიუკი.

ქართველებისა და უკრაინელების თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა „მრგვალი მაგიდის“ მოდერატორმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტმა ალექსანდრე მუზიჩკომ.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილის წარსული დისკომფრეტს არ ქმნის
შემდეგი სტატიაახალი საქართველოს უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა