უფლებადამცველმა მარიკა არევაძემ სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილი გაავრცელა. ადვოკატის განცხადებით, იგი დღეს ციხეში იმყოფებოდა ხოშტარიას მოსანახულებლად და პოლიტიკოსი იმაზე მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში დახვდა, ვიდრე წარმოედგინა. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ იცის პატიმრის მდგომარეობის შესახებ, თუმცა საჭირო კვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად არაფერს აკეთებს.
საკუთარ გზავნილში ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ჯანმრთელობის პრობლემების გასაჯაროება არა გაუტეხლობას, არამედ სისტემის მხრიდან პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირების მხილებას ისახავს მიზნად:
„დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი, რომ ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე. ასევე მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე, სისტემას ამ საკითხშიც დავუპირისპირდე… ამათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ უარი მეთქვა მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან. პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე“, — ნათქვამია ელენე ხოშტარიას განცხადებაში.

















