“ოცნების” შემწირველმა კომპანიამ 27 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის, ინფორაციით შპს “გზამშენი-18”-ის ორმა მეწილემ – თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ “ქართულ ოცნებას” 25 000 ლარი შეწირეს, რის შემდეგაც მათ კომპანიას 27 420 596 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს.

დეტექტორის მიხედვით, შპს “გზამშენი-18” ოზურგეთში, 2000 წელს დარეგისტრირებული მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც 18 მეწილე ჰყავს. კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თეიმურაზ ჯახვაა. “გზამშენი-18” 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და სულ 130 ტენდერი უფიქსირდება, მათგან 68 შემთხვევში მას გამარჯვებულის პოზიცია ერგო.

ფლანგვის დეტექტორის თანახმად, კომპანია ძირითადად, ერთ შემსყიდველზეა დამოკიდებული. 68 მოგებული ტენდერიდან 45 შემთხვევაში შემსყიდველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. ჯამში, კომპანიასა და ოზურგეთის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფასური 16 679 382 ლარია.

შპს “გზამშენი-18”-მა 68 მოგებული შესყიდვიდან სულ 33 770 333 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, აქედან 10 შემთხვევაში, სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, ხოლო 41 შესყიდვის ხელშეკრულება უკონკურენტო გარემოში გაიფორმა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: მოგაწებებენ იარლიყს, რომ “ნაცი” ხარ და სახელმწიფო შენ არ დაგიცავს
შემდეგი სტატიაშარაშენიძე: მეშინია ხალხი არ გაბრაზდეს და სტიქიური პროტესტი არ დაბრუნდეს პოლიტიკური კლასის მიმართ