„ოცნების“ რუსული თამაშები – რა კავშირშია ე.წ. ფოთის პორტის სკანდალთან ბათუმის დაჭერები

04.02.2019

ცნობილია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ისიც ცნობილია, რომ კრიტიკული ვითარების დროს ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობს ხოლმე. როგორც ირკვევა, დღესაც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, ანუ ბათუმში განხორციელებული ფართომასშტაბიანი დაჭერები „ოცნებას“ ე.წ. ფოთის ღრმაწყლოვანი სკანდალის გადასაფარად დასჭირდა – „თაიმერის“ წყარო ამბობს. ეს მოსაზრება ლოგიკაში მით უფრო ჯდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ საქმეზე ლაპარაკი, რომლის გამოც ბათუმის ყოფილი მერი, „მეოცნებე“ გიორგი ერმაკოვი და სხვა მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკები დაიჭირეს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო.

„დიახ, რომ არა ფოთის პორტის სკანდალი, ამ ხალხის დაჭერა აზრად არავის მოუვიდოდა“, – დამაჯერებლად ამბობს „თაიმერის“ წყარო და აქვე, იმასაც გვეუბნება, რომ მართალია, ფოთის პორტის სკანდალზე ხელისუფლება ჯოხის გადატეხვას ქვედა რგოლებზე ცდილობს, მაგრამ სამთავრობო ელიტას არაფერი გამოუვა.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს არქივი, რომელიც შეგიძლიათ თქვენც ნახოთ,“ – გვითხრა წყარომ და გვირჩია, რომ ფოთის მაჟორიტარის, ირაკლი ხახუბიას „ფეისბუქპოსტები“ შეგვესწავლა.

ჩვენ, ცხადია, ასე მოვიქეცით და აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერ იმაზე, რის გარშემოც დღეს სკანდალი ატყდა, ხახუბია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში წერდა.

„დღეს, OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება.ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე. აკვატორიის სიღრმე 12 მეტრამდე გაიზრდება, რის შემდგომ ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს. იგი რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც საზღვაო სააგენტოს, საბროკერო, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.პროექტის საერთო მოცულობაა 120 მილიონი დოლარი და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა,“ – ეს პოსტი ხახუბიას ოფიციალურ „ფეისბუქ”-გვერდზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა, ანუ იმის თქმა, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე ნებართვა თითქოს რომელიღაც განყოფილების უფროსმა ისე გასცა, რომ ამის თაობაზე მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არაფერი იცოდნენ, მტკნარი სიცრუეა!

სხვათა შორის, იმ ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შესახებაც ხახუბია წერს, ჩვენი მონაცემებით, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა. ამიტომ, წყარო გვეუბნება, რომ პრემიერი მაგარ შარშია და ამ ყველაფერს ის გადაყვება.

04.02.2019

„საბოლოოდ, ამას მოჰყვება დიდი სამთავრობო კრიზისი და ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ვადამდელი ამერიკელებს არ უნდათ, სამაგიეროდ უნდა კრემლს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის წევრი გახდეს. ევრაზიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ე.წ. ფოთის პორტის სკანდალიც, ანუ რუსეთს არაფრით უნდა, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს, ამიტომ, პირდაპირ დირექტივა აქვს გაცემული, რომ „ოცნებამ“ ეს პროექტი ნებისმიერი ხერხით ჩაშალოს. ჯერ ხაზარაძეზე იქნა იერიში მიტანილი, ახლა ფოთში გადაწყვიტეს ანაკლიის მსგავსი პორტის აშენება, მაგრამ ეს ამბავი გახმაურდა და ამის გამო პრობლემები „ოცნებას“ დასავლეთ პარტნიორებთანაც შეექმნება, თუმცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ოპოზიცია დააშოშმინოს. შესაბამისად, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს დაიჭერენ კორუფციის ბრალდებით. ხალხის ყურადღებაც ამაზე გადავა და ანაკლიის პორტი აქტუალობას დაკარგავს. ამიტომ, ოპოზიცია ფხიზლად უნდა იყოს, რომ ეს რუსული თამაშები იმ შედეგით არ დამთავრდეს, როგორი მოლოდინიც აქვს ჩრდილოეთს“ – ამბობს “თაიმერის” სამთავრობო წყარო.

სხვათა შორის, ე.წ. ფოთის პორტის სკანდალს ფოთის მაჟორიტარიც გამოეხმაურა და უარყო, არანაირი პორტის აშენება არ იგეგმებაო.

„როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნაბართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმართებაში.

04.02.2019

პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე, როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ,“ – დაწერა 30 მაისს ხახუბიამ სოციალურ ქსელში, თუმცა როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ 4 თებერვალს მისი “ფეისბუქ”-გვერდით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის აშენებას აუწყებდა საზოგადოებას.

 

https://youtu.be/uF9bfXAvnZ8

 

banner
წინა სტატიაშიმარჯანიშვილის თეატრის გვერდით “სპან კაფე” და მიმდებარე რამდენიმე კაფე დაარბიეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ზელენსკის მოქალაქეობა სთხოვა