„ოცნების“ პარტაქტივი „ყაზარმულზე“ გადაიყვანეს-რისთვის ემზადება ივანიშვილი?

მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დანაყოფები – ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთზე „ასახანჯვლად“ იწევენ, ერთ დროს მათი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გადახალისებით არის დაკავებული.
მმართველი გუნდის საქმეები კარგად ვერ მიდის და ივანიშვილმა თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაეწყო აქტიურობა, თუ არჩევნები ვადაზე ადრე არ ჩატარდა.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ შეხვედრებზე, რომლებსაც მთავარი მეოცნებე პარტიის აქტივთან მართავს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მართალია, „ოცნებას“ პირობა აქვს ერისთვის მიცემული, რომ 2020 წელს მაჟორიტარებისგან გავთავისუფლდებით, მაგრამ სიტყვის გატეხვას წინ არაფერი უდგას, თან ისინი ამას მიჩვეული არიან.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისინი 2016 წლის არჩევნებისთვისაც აპირებდნენ. შესაძლოა, არც აპირებდნენ და უბრალოდ ხალხი დააბოლეს 2012 წელს. სხვა შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებზე აღარ დავკონკრეტდებით.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი დიდად არაა მოხარული იმით, რომ არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში მისი გუნდი ბევრად ნაკლებ ხმას აიღებს. მაჟორიტარულის შემთხვევაში კი თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქი მის ჯიბეში იქნება. საქართველოში მაჟორიტარულ არჩევნებს მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატები იგებენ.
მაჟორიტარული არჩევნები გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელის დანიშვნა მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები ვერ მოესწრება.
იმისათვის რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს, რისთვისაც მაღალი ქვორუმია საჭირო. მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ამ ცვლილებების წინააღმდეგი არიან და ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
საკითხი ჩავარდება და ამას შეიძლება კრიზისი მოჰყვეს და პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს. უფრო სწორად, დაათხოვინებენ.
„ოცნების“ დეპუტატები ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ჰალსტუხის ფერსაც კი არ არჩევენ. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარებმა მასთან შეთანხმებით უნდა ჩააგდონ საკონსტიტუციო ცვლილებები. არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ასეთ სპექტაკლთან გვქონდეს საქმე.
საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დიდი ხანია ითხოვს, ამ ცვლილებების განხორციელებას, ეტყვიან რომ დეპუტატებმა ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს და კინოც მორჩა.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მაჟორიტარების დიდი ნაწილი ამ ამბავში ივანიშვილთან არ შეთანხმებულა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ეს „მინიგარქები“ სერიოზულ ლუკმას დაკარგავენ. ყველა მათგანი თავის „სამაჟორიტაროში“ ტენდერების წილში ზის და ამით დიდ ფულს აკეთებს.
ისინი შემოსავლის ამ წყაროს არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი უკვე ვაჭრობენ ივანიშვილთან, უფრო სწორად – გარანტიებს ითხოვენ.
სიაში მათ არავინ ჩაწერს. საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად ივანიშვილმა ახალი ხალხის შერჩევა დაიწყო და კასტინგს პირადად ატარებს.
ეჭვებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ისიც ამძაფრებს, რომ მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციები ფაქტიურად ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასულები. მათ უთხრეს, რომ სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადგანაც შეიძლება ნებისმიერ წუთს გახდნენ საჭირონი.
P.S. და კიდევ ერთი, როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, შეხვედრებზე, რომელსაც ივანიშვილი თავის სასტუმრო „პარაგრაფში“ მართავს, „ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას 2020 მომავალ არჩევნებზე კონკურენტები უბრალოდ არ ყავს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა
შემდეგი სტატიაწყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა