ოცნების მიმართ აშშ-ს შეშფოთებების მიუხედავად, საქართველოს NATO-ს სამიტზე დაპატიჟებენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა თქვა, რომ საქართველო NATO-ს მომავალ სამიტზე დაპატიჟებული იქნება. თუმცა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა ყველა იმ შეშფოთებას, რომლებზეც ვაშინგტონი ბოლო თვეებია რაც საუბრობს.

“დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი დაპატიჟებული იქნება [NATO-ს] პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ძალიან გვაწუხებს გადაწყვეტილებები და რიტორიკა, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების ძალიან მცირე ნაწილისგან მოდის.” – თქვა ო’ბრაიენმა.

აქამდე, გასულ თვეში აშშ-ს ელჩი NATO-ში, ჯულიან სმითი დარწმუნებული არ იყო, საქართველოს დაპატიჟებდნენ თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს იგეგმება.

ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა იმ შეშფოთებებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან მიმართებით არსებობს.

“ცხადია, რომ საქართველოს 80-85%-ს სურს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. [საქართველოს] მთავრობამ და პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მათი მოლოდინით, ბოლო ქმედებები არ შეუქმნის საფრთხეს ამ გზას. ჩვენ ვცადეთ, ძალიან ცხადები ვყოფილიყავით და ვფიქრობ [ევროკავშირის] უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღეს ძალიან აშკარად თქვა, რომ ეს ქმედებები – ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვური საფუძვლის მქონე უცხოელ აგენტთა კანონი, გადაწყვეტილება, ახალი პორტი არგუნონ ჩინურ კომპანიას, ეს ყველაფერი შეუთავსებელია სურვილთან, შეუერთდე აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამიტომაც, ჩვენ [საქართველოს] მთავრობას ვთხოვთ, ხელახლა დაფიქრდეს საკუთარ პოზიციებზე, ჩვენ უკვე გავუსვით ხაზი, რომ გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და ცალმხრივი ჩართულობების გადახედვას.” – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ო’ბრაიენმა სიტუაციის ასახსნელად ფეხბურთის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ თუ საქართველომ გადაწყვიტა დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, შესაბამისი წესებითაც უნდა ითამაშოს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში აქტიურადაა ჩართული ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციაში.

“ეს ძალიან მარტივია. რახან ევროპის ჩემპიონატის პერიოდია – საქართველომ ჩვენს ფეხბურთის ლიგაში თამაში გადაწყვიტა და უცებ თქვა, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვინდაო. ჩვენ ვიტყოდით – არა. უნდა გყავდეს იმავე რაოდენობის მოთამაშეები, როგორც სხვებს და რაც გინდა გააკეთო, უნდა გააკეთო ისე, როგორც ამას ყველა სხვა იზამდა. ეს არის კლუბის წესები. ასე რომ, ეს რეალურად არაა გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტზე. საქართველომ, თავისი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა კლუბში გაწევრიანება და ჩვენ მხოლოდ ცხადს ვხდით, რას ნიშნავს ეს. გავაგრძელებთ ამ განხილვას საქართველოს წარმომადგენლებთან. ამჟამად ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ძალიან აქტიურობდა რამდენიმე ევროპელი ლიდერიც და გავაგრძელებთ ამ საუბარსაც, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს სამიტის ღონისძიებები გვიახლოვდება.” – თქვა ო’ბრაიენმა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში პირი ფეხსაცმელს საამქროში ამზადებდა და Adidas-ის ნიშნით ყიდდა – საგამოძიებო
შემდეგი სტატიაGlobal Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში