საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
მთავრობა თავდაპირველად სამთავრობო ქალაქის მშენებლობას ორთაჭალაში გეგმავდა, თუმცა როგორც ირკვევა, პროექტის მისამართმა არსენალის მთაზე, კუკიას ძმათა სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც მთავრობას 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის და ეს ტერიტორია თბილისის ფარგლებში ერთ-ერთი უმსხვილესი ზონაა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.


















