სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, პირადი დაცვა აღარ ეყოლება. ქართული ოცნების ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.
ქართული ოცნების კანონპროექტით, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ვისაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაუდგინა, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ 1 წელი სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ მოემსახურება.
“აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია”. – წერია კანონპროექტში.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. მათ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პირადი დაცვა 1 წლის ვადით უნარჩუნდება.
კანონპროექტს დღეს, 11 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარი 1-ელი მოსმენით დაუჭირეს.
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
“საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერსა და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას”. – ეწერა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.