,,ოცნების,, გზები სენაკში (ფოტოები)

2015 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის თემში, ,,ქართული ოცნების,, ადგილობრივ ხელმძღვანელთა თაოსნობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო სახსრები ეკის შიდა გზის დაზიანებული საფარის შესაცვლელად.

როგორც წესი, საბიუჯეტო სახსრების მსგავს პროექტებზე მიმართვას, სჭირდება სპეციალური პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და მასთან დაკავშირებული ტენდერი, სამუშაოების განმხორციელებელი კომპანიის გამოსავლენად. გზის სამშენებლო სამუშაოებისათვის ალბათ პროექტიც შეიქმნა და ფორმალურ დონეზე ტენდერიც ჩატარდებოდა, თუმცა ამის შესახებ ეკის თემის მაცხოვრებლებს ინფორმაცია არ გააჩნიათ. მათთვის არც ტენდერზე ინფორმაცია და არც ახალი გზის პროექტი, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა არავის წარუდგენია.

 

როგორც სენაკში და ზოგადად სამეგრელოში ხდება ხოლმე, ყველა გზას ერთი და იგივე კომპანია ,,არქეოპოლისი,, აშენებს… ე.წ. ,,გადელიას წარმოება,, რომლის ფაქტიური მფლობელი, ადრე ,,ნაციონალების,, და ახლა ,,ოცნების,, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენი, შევარდნაძის თანამებრძოლი და მისი პრეზიდენტობის დროს პარლამენტის წევრი – დემურ გადელია გახლავთ. გადელია გახლდათ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ,,ქართული ოცნების,, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მათი მთავარი სპონსორი. სწორედ გადელიას კომპანიამ განახორციელა ეკის შიდა გზის 5 კილომეტრიანი დაზიანებული საფარის -1200 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს გამოყოფილი სახსრები მხოლოდ 1200 მეტრის სიგრძის საფარს ჰყოფნიდა.

ეკელებს უცნაურად მოეჩვენათ ის ფაქტი, რომ ,,არქეოპოლისმა,, დაზიანებული გზის საფარის ერთი მონაკვეთის გამართვა, არა ერთი თავიდან ან მეორედან, როგორც წესია, არამედ შუა მოაკვეთიდან დაიწყო…. ცენტრალური მაგისტრალიდან ავტომობილებს, ჯერ დაზიანებული გზის 1 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაევლოთ, რომ ახალგაკეთებულ 1200 მეტრიან გზაზე გასულიყვნენ… შემდეგ ახალი გზიდან კიდევ 3 კილომეტრამდე დაზიანებულ გზაზე ევლოთ, სოფლის ბოლომდე რომ ჩასულიყვნენ. შეღავათი, მიღებული ახალი გზიდან, არც სოფლის თავში მცხოვრებლებს ექნებოდათ და არც სოფლის ბოლოში მაცხოვრებლებს. თუმცა ეს უცნაურობა, რომელიც კომპანიამ მარტივი მონაკვეთის არჩევაზე და შესაბამისად მეტ მოგებაზე გათვალა, არ იყო ერთადერთი დარღვევა, რაც ახალი გზის დაგებას ახლდა თან. ეკელებმა მალევე შეამჩნიეს, რომ ერთ დღეში გაკეთებული 1200 მეტრიანი ახალი გზა იმდენად უხარისხო იყო, რომ ის მალევე დაინგრეოდა.

გადელიას ,,არქეოპოლისის,, მიერ 2015 წელს დაგებული ახალი გზის ასფალტის საფარი, ზოგან -3, ზოგან-4 და ზოგან 5 სანტიმეტრის სისქის იყო. ეს აფალტი მან ძველი, 10 სანტიმეტრი სისქის ასფალტის საფარის მოხსნის შემდეგ დააგო. იმ ასფალტის, რომელიც 1990 წლიდან 2015 წლამდე, 25 წელი ემსახურა სოფელს. ,,არქეოპოლისის,, მიერ 2015 წელს დაგებული ასფალტის საფარი კი -2016 წელს ფაქტობრივად სრულად დაინგრა. გადელიამ კი – 2014 წელს ,,ქართულ ოცნებაზე,, დახარჯული თანხა, 2015 წელს ეკში და კიდევ რამდენიმე სოფელში განხორციელებული უხარისხო გზის მშენებლობით, ერთი-ორად ამოიღო.
2016 წლის აგვისტოს თვეში, იმავე გადელიას ,,არქეოპოლისმა,, 350 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი გზაც დააგო ეკში, რომლის სისქეც 20 სანტიმეტრი გახლავთ… თუმცა იმის გამო, რომ ბეტონის ამ სისქის ფენას, 8 მილიმეტრი დიამეტრის არმირების ერთ ფენა ლითონის ბადე ,,დაუფინა,, და აგვისტოს ცხელ დღეებში, ბეტონი გაშრობამდე წვეთი წყლით არ დაუსველებია, ეს გზაც რამდენიმე დღეში – რამდენიმე ადგილას დაიბზარა.

2017 წელს იმავე ეკის თემში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით კიდევ 1200 მეტრამდე სიგრძის ასფალტის საფარისთვის გამოიყო სახსრები და ,,ოცნების,, ხელისუფლებამ ისევ გადელიას ,,არქეოპოლისს,, დაუკვეთა სამუშაოები. გადელიამ ისევ იგივე მეთოდით 2-3-5 სანტიმეტრის ტალღოვან ფენებად დააგო ასფალტი, რამაც ეკის მოსახლეობა უკიდურესად გააღეზიანა. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა პასუხი მოეთხოვა ხელისუფლებასთან შეზრდილი კომპანიისათვის და ეჩივლა… ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა 2015 წლიდან დღემდე განხორციელებული ყველა სამუშაოს პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. ამ თემებთან დაკავშირებით, მედიაშიც გავიდა გარკვეული ინფორმაცია, რამაც წინასაარჩევნოდ ადგილობრივ ხელისუფლებასა და თავად გადელიას გადააწყვეტინა ,,დაფაცურებულიყვნენ,,. ,,არქეოპოლისმა,, სასწრაფო წესით დაიწყო 2015 წელს მისივე დაგებული და 2016 წელს დანგრეული გზის ,,დაკერება,,


დანგრეული გზის ,,დაკერების,, მასშტაბები, რომელიც მკითხველს წარმოდგენილ ფოტოებზე შეუძლია ნახოს, 21-ე საუკუნეში მავანს ალბათ ხუმრობის ხასიათზე დააყენებდა, თუმცა არა იმ სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ ეს ,,დაკერებულიც,, და წელს გაკეთებულიც, ძალიან მალე დაინგრევა… კარგად იციან, რომ ამ უხარისხო გზაში ხალხის ფული იფლანგება და არა კორუმპირებული ჩინოვნიკების, რომლებიც ამ უმსგავსობის სანაცვლოდ ხმებს ითხოვენ საარჩევნოდ.
,,ვანგრიოთ და ვაშენოთ! გადელია არ გავაჩეროთ!,, ამ დევიზით მოქმედებს ადგილობრივი ,,ოცნების,, ხელისუფლება სენაკში, რომელიც იჯიბავს ბიუჯეტის ფულს და აშენებს უხარისხო გზებს. გზებს, რომელიც მის მშენებლებს და დამკვეთებს, ერთხელაც ,,კანონის ტაძართან,, მიიყვანს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ხელისუფლებამ ასეთ დროს რუსეთს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრას
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: სუპერპუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, სად არის კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ მფლობელობაში არსებული სხვა ვერტმფრენები