“ოცნების” ცის კაბადონზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპრემიერის ვარსკვლავი აციმციმდეს

აშკარაა, რომ “ოცნების” მამამთავარი პარტიაში ძველი სახეების დაბრუნებაზე სერიოზულად მუშაობს. ახალი სახეების გამოხდომებმა ხალხს არცთუ კარგად დავიწყებული ძველები მოანატრა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ “ოცნების” ცის კაბადონზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ექსპრემიერის ვარსკვლავი აციმციმდეს. საუბარია გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან სკანდალებით წავიდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ უცხოელი ბიზნესმენებისა და სასულიერო პირების ჩართულობით ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი შერიგდნენ.
არადა, სულ ცოტა ხნის “ოცნების” კულუარებში საუბრობდნენ, რომ შესაძლოა კვირიკაშვილი დაეჭირათ. გავრცელებული ინფორმაციით, მან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ზურაბ ალავიძესთან ერთად ასეულობით მილიონი “მოტეხა” ბიუჯეტიდან.
ამ თანხებზე ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში უკვე იყვნენ გამოკითხვაზე. იგეგმებოდა კვირიკაშვილთან გასაუბრებაც. გაესაუბრნენ თუ არა ექსპრემიერს საგამოძიებო უწყებაში, უცნობია. მასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცით, რომ რაღაც დრო მონასტერში გაატარა.
ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისა და კვირიკაშვილის დაზავება მამუკა ხაზარაძის სკანდალებს უკავშირდებოდეს. ხაზარაძე აქტიურად იყო დაკავშირებული ექსპრემიერთან. მათი სახელები უკავშირდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.
კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი პოსტი ანაკლიის პორტმა შეიწირა, რომლის აშენებაც რუსეთსა და ივანიშვილს არ სურდათ.
ამ თემაზე სკანდალები მთავარ მეოცნებეს აღარ აწყობს. ხაზარაძემ მათ ისედაც ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამ მიმართულებით კვირიკაშვილსაც შეუძლია სკანდალების აგორება.
მთავარ მეოცნებესთან პრემიერყოფილს მხოლოდ ანაკლიის გამო არ გაჰფუჭებია საქმე. ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ გასული წლის ივნისში რუსთაველზე მიმდინარე აქციებს ხაზარაძე და კვირიკაშვილი აფინანსებდნენ.
არადა, იმ დროისთვის “ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატად კვირიკაშვილის დასახელებას აპირებდა. ვიღაცას ეს არ სურდა და მას არაფორმალურ მმართველთან ურთიერთობა დაუძაბეს.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვირიკაშვილისა და ივანიშვილის გზები გაიყო. მათ შორის უთანხმოება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მოხდა.
პრემიერყოფილი მაშინ არაფორმალური მმართველის ბანკში მუშაობდა და იქიდან მოუწია წასვლა. მერე ყველაფერი დალაგდა. კვირიკაშვილი ივანიშვილმა ჯერ ეკონომიკის მინისტრად დასვა, მერე საგარეო უწყებაში გაუშვა, ბოლოს კი მთავრობა ჩააბარა.
ახლა მათ ისევ დაალაგეს ურთიერთობები. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა ღარიბაშვილის მსგავსად კვირიკაშვილი პოლიტიკაში.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა და ორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაპოლონელმა მღვდელმა ბოდიში მოიხადა წიგნებისა და ნივთების დაწვის გამო