რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისთვის აშშ-ის მხრიდან დახმარების შეწყვეტას “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისში გამოეხმაურნენ. ანა ქავთარაძის განცხადებით, ამერიკული დახმარების შეზღუდვა ხელისუფლების მიერ ინიციირებული რუსული კანონის, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის დამსახურებაა, რაც დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
“გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, აღნიშნული სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ ინიციირებული რუსული კანონის, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის დამსახურებაა. ხელისუფლების რომელიც აგრძელებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებზე თავდასხმას და შეურაცხყოფას, დემოკრატიული ღირებულებების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ფეხქვეშ გათელვას.
“ქართულ ოცნებას” სისრულეში მოჰყავს რუსეთის დიდი ხნის ოცნება, რომ არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორიულმა სისტემებმა, რომლებიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ქართული ჯანდაცვის სისტემაში, მასში შემავალი უმნიშვნელოვანესი რგოლები კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის საყრდენსა და საფუძველს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის რეგიონისთვის. როგორც ბიო სამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესზე, რომლის შედეგადაც ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად 10 მილიონ აშშ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის დარტყმის ქვეშ დააყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დღეს სწორედ ასეთი სახით ებრძვის ის ისედაც არაერთი წლობით მოუგვარებელი პრობლემის მქონე ქართულ ჯანდაცვის სისტემას. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რაც არის ჩვენი მშვიდობის, კეთილდღეობის და უსაფრთხოების წინაპირობა, სწორედ იმიტომ რომ საქართველოში იარსებოს თანამედროვე სამედიცინო ცენტრებმა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას დაიცავს, გადამწყვეტია, რომ “ქართული ოცნება” ოქტომბერში დამარცხდეს.” – განაცხადა ანა ქავთარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC)და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.