ექსკლუზივი-„ოცნებას“ ნაციონალებმა ჩხოროწყუსა და აბაშაშიც აჯობეს

„ოცნებას“ ნაციონალებმა ჩხოროწყუსა და აბაშაშიც აჯობეს
რა სჭირს მმართველ პარტიას

სამეგრელოში „ქართული ოცნების“ საქმე კარგად ვერ არის. ამაზე ის შიდა კვლევებიც მიუთითებს, რომელიც მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩაატარა. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა გასულ კვირას მიიღო, როდესაც თავის სასტუმრო პარაგრაფში „ოცნების“ სამეგრელოს აქტივს შეხვდა.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი უკვე აღარავის ენდობა და თავად აკონტროლებს ყველაფერს.
ეს კვლევაც იმისთვის ჩაატარებინა, რომ ხალხის განწყობა გაეგო. მმართველი პარტია შიდა კვლევის ჩატარებას საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს.
თაიმერმა“ უკვე შემოგთავაზათ ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები. 108 საარჩევნო უბნიდან კვლევა 43 უბანში ჩატარდა. მმართველ პარტიას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 27% უჭერს. ნაციონალებს 36%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვა 108 უბნიდან, ხოლოდ 43 უბანში ჩატარდა, ეს სრული სურათი არ არის. მაგრამ რაღაც დასკვნების გასაკეთებლად მმართველ გუნდს გამოადგება.
„ქართულ ოცნებას“ საოცნებოდ არც სამეგრელოს სხვა რაიონებში აქვს საქმე. „თაიმერს“ ამჯერად ხელში ჩხოროწყუს და აბაშის შიდა კვლევის შედეგები ჩაუვარდა.
აბაშის რაიონში ამომრჩეველი 13 უბანზე გამოიკითხა. მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო გვიამბობს:
„აბაშაში 13 უბანზე ნაციონალების მხარდამჭერი აღმოჩნდა 34%, „ქართულ ოცნებას“ კი გამოკითხულთა 29% უჭერს მხარს. სხვადასხვა პარტიების ამომრჩეველია გამოკითხულთა 14%, 13%-ს გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. დანარჩენები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“.
მმართველი პარტიას უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა ჩხოროწყუშიც. არადა ეს რაიონი თითქოს საოცნებოდ უნდა იყოს განწყობილი. მოქმედი პრემიერი, გიორგი გახარია წარმოშობით აქედან არის და ის აქ ძალიან უყვართ, თუმცა ფეოდალ წოდებულმა იზორიებმა თავიანთი დაღი ჩხოროწყუს დაასვეს .
შიდა კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩხოროწყუში ნაციონალები უფრო ყვარებიათ, ვიდრე პრემიერი. რაიმე უზუსტობა რომ არ დაგვბრალდეს, დავაზუსტებთ რომ ეს შედეგი ჩხოროწყუს 15 უბანზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაიდო.
ჩვენი წყარო გვიამბობს:
„15 უბანზე ჩატარებული შიდა კვლევის შედეგი ასეთია, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 23% უჭერს მხარს, ნაციონალებს _ 39%. 7% დანარჩენ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერია. 6%-ს გადაწყვეტილი არა აქვს ვის მისცეს ხმა. დანარჩენები ყველა პარტიას ბოიკოტს უცხადებენ“.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება რომ ჩხოროწყუში ასეთი შედეგი ლევან იზორიას სანათესაოს საქმიანობაზეა დამოკიდებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავები აქ რამდენიმე სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეული. ჩხოროწყუს შედეგს ამას აბრალებენ. ყოველშემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზემდგომებს ასე განუმარტეს.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაში„როგორც ჩანს „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა”-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია…