„ოცნებამ“ ურჩი დეპუტატების დასჯა დაიწყო- რატომ მიდის პარლამენტიდან შოთა შალელაშვილი?!

„ოცნებამ“ ურჩი დეპუტატების დასჯა დაიწყო- რატომ მიდის პარლამენტიდან შოთა შალელაშვილი?!

„ოცნების“ მილიონერმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა. მან სათანადო განცხადებით პარლამენტის სპიკერს 10 სექტემბერს დილით მიმართა. რატომ თქვა უარი შალელაშვილმა დეპუტატობაზე ეს უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას პარლამენტში. ეს „ოცნების“ წევრი ლევან მგალობლიშვილი იქნება.

„თაიმერი“ შეეცადა გაერკვია თუ რა მოხდა შალელაშვილთან დაკავშირებით. ეს ადამიანი აქამდე არაერთ სკანდალში იყო გახვეული. ერთ-ერთი სკანდალი მისი შვილის სახელს უკავშირდება.

ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ „თაიმერს“ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შალელაშვილს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფულს სთხოვდა, საუბარია მილიონებზე.

_ მისთვის 20 მილიონის ახევა სურდათ, _ ამბობს „თაიმერის“ წყარო. ის არ აკონკრეტებს ვის სურდა შალელაშვილისთვის ფულის ახევა. ის ვარაუდობს, რომ შალელაშვილმა ამიტომ თქვა უარი დეპუტატობაზე.

მეორე ვერსიით, ის სხვა პარტიაში აპირებს გადაბარგებას. ცოტა ხნის წინ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მას ეკა ბესელიას პარტიაში ვიხილავდით. ის ბესელიას თანამოაზრე ზვიად კვაჭანტირაძესთან მეგობრობს. რამდენიმე თვის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უკრაინაში სურდა საქართველოს ელჩი გამხდარიყო. პარლამენტის კულუარებში „თაიმერთან“ საუბარში განაცხადეს, რომ შალელაშვილის გადაწყვეტილება ფულის გამოძალვას არ უკავშირდება.

_ არა მგონია ვინმეს მისთვის ფული შეეწირა და თუ ეს მართლა ასე იყო, არ ერჩივნა პარლამენტის წევრად დარჩენილიყო? ასე უფრო დაცული იქნებოდა, აქ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე, _ უთხრა „თაიმერს“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შალელაშვილის გადაწყვეტილება ნიკა მელიას უკავშირდებოდეს.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. „ოცნებიდან“ კოლეგის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ რამდენიმემ არ მოისურვა. რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა უარი თქვეს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებისთვის მხარი დაეჭირათ. შოთა შალელაშვილი და ბიძინა გეგიძე კი პარლამენტში საერთოდ არ მივიდნენ.

„ოცნება“ მათზე ძალიან გაბრაზდა. გია ვოლსკი, რომელიც ამტკიცებს რომ მმართველი პარტიის სტილი სათნოება და სითბოს ფრქვევაა, სხვებთან ერთად ითხოვდა რომ ჯაში და კაკულია უმრავლესობიდან გაერიცხათ. ასევე დადგა საკითხი რომ კაკულიას და ჯაშს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დაეტოვებინათ. მაშინ „ოცნება“ გამწვავებას მოერიდა და ამ ადამიანებმა პოსტები შეინარჩუნეს. ახლა როგორც ჩანს სამაგიეროს გადახდის დრო დადგა.

_ ცოტა ხნის წინ გეგიძე გარიცხეს უმრავლესობიდან. არაა გამორიცხული შალელაშვილსაც იგივეს უპირებდნენ. მან „ოცნებას“ დაასწრო და თავად წავიდა დეპუტატობიდან, _ გვითხრეს პარლამენტში. ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი დეპუტატის განმარტებით, შესაძლოა მალე ჯაშს და კაკულიასაც დაატოვებინონ თანამდებობები.

კიდევ ერთი დეპუტატი „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ არაა გამორიცხული შალელაშვილმა პარლამენტი პრაგმატული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დატოვა.

_ არაა გამორიცხული მას ამერიკაში სურდეს ბიზნესის დაწყება. იქ თუ დეპუტატი ხარ ანგარიშსაც კი ვერ გახსნი. შესაძლოა ამიტომ თქვა უარი შალელაშვილმა დეპუტატობაზე,

_ გვითხრეს პარლამენტში. ვერსიები ბევრია, სიმართლე ერთი და ის მხოლოდ შალელაშვილმა და „ოცნების“ რამდენიმე ლიდერმა იციან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი.

banner
წინა სტატიაში62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მაზლს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია,,ვებღაუჭებით ზღაპრებს “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”-ცოტნე გამსახურდია