„ოცნებამ“ „გონების გარეცხვის სპეცოპერაცია“ დაიწყო, რათა თუ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით საქართველო განსხვავებული სტატუსს მიიღებს, სხვას დაბრალდეს – ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე „ცრუ ნარატივით გაჯერებულ დემაგოგიას“ უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „რადიკალური ოპოზიციის გეგმით, ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“.

როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ „გონების გარეცხვის სპეცოპერაცია“ დაიწყო, რათა თუ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით საქართველო განსხვავებული სტატუსს მიიღებს, სხვას დაბრალდეს.

„ქართულ ოცნებას“ დღეს არ დაუწყია შეგნებული გონების გარეცხვის სპეცოპერაცია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ეს რამდენიმე კვირაა დაწყებულია და მიზნად ისახავს, რომ თუ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით გარკვეულწილად განსხვავებული სტატუსი მოგვანიჭეს, დაბრალდეს სხვას იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ. ცდილობენ „ქართული ოცნების“, გონიერი ელექტორატის გონების რეცხვას. იმედი მაქვს, „ქართული ოცნების გონიერი ამომრჩეველი სწორ დასკვნებს გააკეთებს და კობახიძის ცრუ ნარატივით გაჯერებულ დემაგოგიას არ დაიჯერებს“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძე ირაკლი კობახიძესა და მმართველი გუნდის სხვა წევრებს კითხვით მიმართავს, საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რამდენი ქვეყნის დედაქალაქში იყვნენ, რათა არსებული სკეპტიციზმი გაექარწყლებინათ. ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაა.

„იმედი გვაქვს, ევროკავშირი გაითვალისწინებს იმ გეოპოლიტიკურ კრიზისს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაშია შექმნილი და საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ინდივიდუალურად კობახიძე იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამაზე ჩემი პოზიციაა, რომ ის ამას არ იმსახურებს. იმიტომ, რომ მისი ყოველი გამოსვლა არის ტყუილის დემაგოგია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ადამიანები არიან არაკომპეტენტური სათამაშოები და მათი ყოველი განცხადება ამას ადასტურებს. ბოლო წელიწად ნახევარში, როდესაც ჩემპიონები ვიყავით აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ახლა გადავიქეცით მაჩანჩალებად, რადგან მათი [„ქართული ოცნების“] პოლიტიკური ნება არ შეესაბამებოდა იმ ქმედებებს, რომელიც ამ ყველაფერს გამოასწორებდა. კითხვა მაქვს კობახიძესთან და მთლიანად „ოცნებასთან“ – სკეპტიკურად განწყობილი რამდენი ქვეყნის დედაქალაქში იყვნენ, რათა გაექარწყლებინათ საქართველოს მიმართ არსებული სკეპტიციზმი. პასუხი არის არცერთ ქვეყანაში. დღეს ეს ადამიანები არსად დადიან, რადგან პოლიტიკურ დონეზე არ აქვთ მიზანი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს იმიტომ, რომ ამით მათ ავტოკრატიული მენეჯმენტის სტილი შეიზღუდება“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშიამოცანაა, რაც შეიძლება მეტს გავაგებინოთ, რამდენად სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი – ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში