“ოცნებამ” და “რესპუბლიკელებმა” პოლიტიკური კრიმინალის აქტი ჩაიდინეს – ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკონსტიტუციოს მიმართა

ინტერპარტიული ჯგუფიის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციის სარჩელი სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს ეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ინტერპარტიული ჯგუფის” პოზიცია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ და “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა გააჟღერეს.

“ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც, არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრულ სპექტრს მოიცავს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომლის მიზანია შევაჩეროთ ის უსამართლობა, რომელიც საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საარჩევნო გარემოს გაუარესების მიზეზი გახდა.

“ქართულმა ოცნებამ” და “რესპუბლიკურმა პარტიამ”, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ჩაიდინეს პოლიტიკური კრიმინალის აქტი. მათ ყაჩაღურად მიითვისეს სამი კვალიფიციური პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის”, “ლეიბორისტული პარტიის” და “დემოკრატიული მოძრაობის” კანონით განსაზღვრული რესურსი, უფასო სარეკლამო საეთერო დრო, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ამ პარტიებს მათმა ამომრჩეველმა მიაკუთვნა.

ამ პოლიტიკური ქურდბაცაცობით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და შეილახა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

ასევე დაირღვა ამომრჩევლის უფლება, რომლის მხარდაჭერის საფუძველზე მიანიჭა კანონმა აღნიშნულ პარტიებს ყველა ის რესურსი, რომელიც კვალიფიციურ სუბიექტებს ეძლევა შესაბამისი ბარიერის გადალახვის შემდეგ.

ასევე საარჩევნო კოდექსის მიღებისას უმრავლესობამ დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი, რადგან მესამე მოსმენისას კანონპროექტში მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა, რაც რეგლამენტით დაუშვებელია. რეგლამენტის თემა კონსტიტუციასთან პირდაპირ შემხებლობაშია, შესაბამისად ეს უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

ასე რომ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ ძალიან ბევრ სამართლებრივ არგუმენტს წარვუდგენთ, რაც იმედი გვაქვს გახდება საფუძველი სარჩელის მიღებისა და მასზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისას”- აღნიშნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი კიევში მოკლულ ჟურნალისტზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: კობა ლურსმანაშვილს აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის