ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, “ოცნება” დასავლეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად დათმობაზე წავა.
“ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ძალზე რეალურად გამოჩნდა პოტენციური ალტერნატიული დერეფანი. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან, თუ ეს დერეფანი განვითარდა – და, ალბათ, განვითარდება კიდეც, რადგან დიდი ამერიკული ინტერესია, ჩვენი როლი შეიძლება შეიცვალოს. არ ვიცი, დარჩება თუ არა ტრამპი პრეზიდენტად, მაგრამ მისი პრეზიდენტობის პირობებში ამ დერეფნის რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგან მას დიდი ამბიციები აქვს და შეეცდება ეს მარშრუტი სამაგალითო გახდეს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი დათმობებზე წავა და იძულებული იქნება შეეგუოს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებულია.
მე უფრო სხვაგვარად მგონია: “ქართული ოცნება” კი იტყვის, რომ დასავლეთს დაათმობინებს ბევრ რამეს, მაგრამ რეალურად თავად წავლენ დათმობებზე, რათა დასავლეთთან ურთიერთობა მოაგვარონ. ამის ნიშნები უკვე არის და ჰაერზე არ ვლაპარაკობ – თუნდაც ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ხუთი სპეცრაზმელი დააპატიმრეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მასშტაბი, რაც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია. ნუ ვფიქრობთ, რომ მათი ვინაობა მართლა ერთი თვის წინ დაადგინეს. ეს პირები ჯერ კიდევ 2024 წლის დარბევების დროს იყვნენ იდენტიფიცირებული და ხელისუფლებაში ყველამ ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, ახლა ვითარება შეიცვალა და ხელისუფლება იძულებული შეიქნა შექმნილი გარემოებებისთვის ანგარიში გაეწია. დათმობები დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორი იქნება ვითარება უკრაინაში, რუსეთში და როგორ დასრულდება ომი ირანში. ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება ირანში, უკრაინაში კი კარგა ხანია ვითარება ისეთი აღარ არის, როგორიც ოთხი წლის წინ, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ეს საგარეო ფაქტორები იმუშავებს “ქართული ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და იძულებული შეიქნებიან სხვა დათმობებზეც წავიდნენ, ოღონდ პროპაგანდისტები იტყვიან, თითქოს დასავლეთი წავიდა დათმობებზე და არა “ქართული ოცნება”,_ აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
















